ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უარყოფით პოზიციას პლებისციტის ჩატარებაზე და ამბობს, რომ ახლა "ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე" უნდა გააკეთოს ეს.
ბოკერია აღნიშნავს, რომ ყველა პარტია კომპრომისის სახით თანხმდება პლებისციტზე.
"ყველა პარტიის პოზიციაა და მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის, ამ მომენტამდე იყო, რომ გვინდა ვადამდელი არჩევნები პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ის პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე. კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრებისა და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც შეთავაზებული აქვს ოპოზიციას.
ახლა, მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, გააკეთოს პლებისციტი, შეეგუოს მარცხს პლებისციტში და შემდეგ შეეგუოს მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება", - ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი აზრით, ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.