სააკაშვილს ერთადერთი რამ უტრიალებს თავში, რევოლუცია და ისეთივე ძალაუფლების დაბრუნება, როგორიც ჰქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი.
„ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ პლებისციტი არ გინდათ და მარტო რიგგარეშეო. სინამდვილეში, გულის სიღრმეში, დარწმუნებული ვარ, არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს სააკაშვილს და არც პლებისციტი. მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება. ისევე, როგორც შარშან იძახდა, პროპორციული არჩევნები სისულელეაო, რადგან მთელი ქვეყანა პროპორციულისთვის ვიბრძოდით. ღრმად ვარ დარწმუნებული, სააკაშვილს ერთადერთი რამ უტრიალებს თავში, რევოლუცია და ისეთივე ძალაუფლების დაბრუნება, როგორიც ჰქონდა. ძალაუფლების დაბრუნება, რათა არა ქვეყანა წავიდეს წინ, არამედ ამ ქვეყანაში რევანში მოაწყოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი აზრით, ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.