მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა.
"ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესს. კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს. ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.