სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირება იქნება ფიზიკური წინააღმდეგობისა და ბლოკირების გარეშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არავის დაუსახავს ამოცანა, რომ ვინმემ ფიზიკურად შეუშალოს ხელი და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მზარდი პროტესტით მიდის.
"პიკეტირება იქნება ფიზიკური წინააღმდეგობისა და ბლოკირების გარეშე. ამას მინდა ხაზი გავუსვა. აქ არავის დაუსახავს ამოცანა, რომ ვინმემ ფიზიკურად შეუშალოს ხელი, მაგრამ ეს ხმა მათ უნდა გაიგონ და ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, მზარდი პროტესტით. ჩვენ გვინდა, დროზე დაინახოს ივანიშვილის რეჟიმმა ამ პრობლემების პოტენციალი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ლაპარაკია იმაზე, რომ არ ვუჭერთ მხარს ფიზიკურად ხელის შეშლას და არც არის ეს ამოცანა დასახული, ანუ მანდ არანაირი წინააღმდეგობა არ არის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას 2 მარტს გეგმავს.