შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დღეს დილით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბაიდენის ანტიკრიზისულ კანონპროექტს - "ამერიკელთა გადარჩენის გეგმას", რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ახალ პროგრამებს შეიცავს.
1.9-ტრილიონიანმა გეგმამ ორპარტიული მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან მისთვის არცერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს მიუცია ხმა. რესპუბლიკელებს ორი დემოკრატი კონგრესმენიც შეუერთდა. საბოლოოდ, კანონპროეტი 219 ხმით 212-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
ძალაში შესასვლელად სტიმულირების პაკეტი სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
სტიმულირების პაკეტი მოიცავს 1400-დოლარიან ფულად დახმარებას ამერიკელებისთვის, ფულად სახსრებს მცირე ბიზნესებისთვის, პირდაპირ დაფინანსებას შტატებისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებას და უფრო მეტ თანხას ვაქცინაციის პროგრამისთვის.
კანონპროექტი ასევე მოიცავს მინიმალური ხელფასის გაზრდას საათში 7,50 დოლარიდან 15 დოლარამდე.
მინიმალური ხელფასის ზრდის საკითხი კვლავ რჩება დემოკრატების მთავარ მიზნად, განსაკუთრებით პარტიის პროგრესიული ფრთისათვის. ზოგიერთი დემოკრატი გამოდის ინიციატივით, შეიმუშაონ იმ დამსაქმებელთა დასჯის ღონისძიებები, რომლებიც საათში 15 დოლარზე ნაკლებს იხდიან.
რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ მინიმალური ხელფასის გაზრდა ძალიან მძიმე ტვირთი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო მიყენებული ზარალის შემდეგ, აღდგენას ცდილობენ.
წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერის კევინ მაკარტის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის "ჩვენი ეკონომიკის სრული გახსნა".
რესპუბლიკელები ასევე აცხადებენ, რომ სტიმულირების პაკეტი ზედმეტად ძვირია და გაჯერებულია დემოკრატიული პარტიის პრიორიტეტებით, რაც პანდემიასთან კავშირში არ არის.