უკრაინა და ევროპა ჩართული უნდა იყვნენ რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულების ნებისმიერ მცდელობაში. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ხუთშაბათს, 20 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მოსკოვის მიერ დაწყებული ომის დასრულების ახალი ძალისხმევის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის წარმატებისთვის საჭიროა, რომ უკრაინა და ევროპა მას მხარს უეჭრდნენ.
მისი განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმატებული იყოს,
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება უკრაინაში „ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად „ნებისმიერ ძალისხმევას“.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ომში არის „აგრესორი და მსხვერპლი“.
„ზეწოლა უნდა განხორციელდეს აგრესორზე და არა – მსხვერპლზე. აგრესორის წახალისება მხოლოდ მეტ აგრესიას გამოიწვევს. ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო ორპუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს რუსეთის დასუსტებას და უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ევროპის დაზვერვის ცენტრისა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მოგვაწოდეს ინფორმაცია სანქციების შედეგებთან დაკავშირებით. მონაცემები ძალიან მკაფიოა. რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან ყველაზე დაბალია ომის დაწყებიდან. სანქციები რუსეთს ძლიერად ურტყამს და მოსალოდნელია კიდევ მეტი. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ზომები რჩება ჩვენს პრიორიტეტად და ჩვენ ინტენსიური დისკუსია გვქონდა იმასთან, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით“, – განაცხადა კაია კალასმა.
რაც შეეხება ამერიკულ სამშვიდობო გეგმას, როგორც კალასმა განაცხადა, სხვადასხვა სამშვიდობო გეგმა ვერ იმუშავებს, თუ ევროპელები და უკრაინელები მათ არ ეთანხმებიან.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმაზე. შეერთებული შტატები, „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში, მოუწოდებს უკრაინას, რუსეთის ომის დასასრულებლად დათანხმდეს გარკვეული ტერიტორიებისა და იარაღის ნაწილის დათმობას.