იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“ - სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ აქციის დაწყებამდე განაცხადა.
„ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს და საერთაშორისო აქტიურობა და საერთაშორისო ჩართულობა არის მხოლოდ მაშინ, როცა აქ ხალხი წუხს. ამიტომ, ბევრმა ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი.
პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას, მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„მსვლელობა თავისუფლებისთვის“, – ამ სახელწოდებით მართავენ აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი დღით ცდილობენ, საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი „თავისუფლება ნიკა მელიას“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.