"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო, მაგრამ "აქაური, ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე, სამწუხაროდ, არაფერი და ვერაფერი მოხდება, განცხადებები დარჩება განცხადებებად".
უგულავას განცხადებით, მწვავე პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც აქ ვაპროტესტებთ, ვაპროტესტებთ უკუსვლას, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, იმას, რომ ქვეყანა შინაარსობრივად ემსგავსება რუსეთს და ბელარუსს. ამიტომ აქაური, ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე, სამწუხაროდ, არაფერი და ვერაფერი მოხდება, განცხადებები დარჩება განცხადებებად, თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ, არ ვიყავით აქტიურები, არ იყო პროტესტი, რადგან სწორედ ეს პროტესტი შემდეგ ჰპოვებს საერთაშორისო მხარდაჭერას, ეს წნეხი შემდეგ ბუმერანგივით უბრუნდება ხელისუფლებას.
როდესაც ხელისუფლება გადავიდა ყველა წითელ ხაზს, როდესაც ვანდალიზმი ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი გახდა, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ, აუცილებლად მიიღებ მწვავე პროტესტს. პროტესტი იქნება უმწვავესი, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს ასეთი კრიზისული სიტუაციიდან.
უნდა ველოდოთ ყველაფერს, რის უფლებასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს, პიკეტი, მანიფესტაციები, ყველა ქალაქში, სადაც შესაძლებელია, ყველგან, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აქ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები უნდა ვიყოთ, ამ ფუფუნებას ვერ მიიღებთ.