სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში უნდა წარდგეს ანგარიშით საქართველოს პარლამენტში. მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რით იყო ნიკა მელიასთან დაკავშირებით მისი ასეთი ემოციური განცხადება გამოწვეული, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე სახალხო დამცველის განცახადებას გამოეხმაურა.
„სახალხო დამცველის განცხადება გაუგებარია, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც დღეს განხორციელდა, პრაქტიკულად დაზიანებებისა და გართულებების გარეშე. რისკების მაქსიმალური დაზღვევით, რისთვისაც პოლიციას მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სამართალდამცველებს მოუწოდებდა, რომ კანონის აღსრულებაა უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სახელმწიფოში.
„მათ უნდა ემოქმედათ ადამიანის უფლებების სრული დაცვით, სამართალდამცველებმა ეს მოახერხეს, რისთვისაც ვუხდით მადლობას. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა თავისი სამართლებრივი არგუმენტაციით და მისი განცხადების მოტივებთან დაკავშირებით. კერძოდ, არის თუ არა ლეგიტიმური და სამართლებრივი ის მოქმედება, რაც ნიკა მელიასთან მიმართებით განხორციელდა. ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსვამთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „იმაზე სამარცხვინო არაფერი შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება“.