ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს, - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
"პროვოკაციას გეგმავენ, რადგან ზუსტად იციან, რომ ჩვენსკენ არის მორალური უპირატესობა, რომელიც არის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ მაგალითად რომელიმე პოლიციელს. ხელისუფლებას ვაფრთხილებ ძალიან მკაცრად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას.
მოვუწოდებ პოლიციელებს, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე შეასრულებენ უკანონო დავალებებს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ღარიბაშვილის და „ოცნების“, ეს ქვეყანა ყველასია",- განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა, პროვოკაცია მოაწყვეს და მათ ეს გამოააშკარავეს.
"გუშინ, ღამის განმავლობაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე დადიოდნენ ადამიანები და ზუსტად ვიცით, რომ გეგმავდნენ შენობაში შემოსვლას. მათ შორის არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ძალადობა იყოს ფიზიკური პროვოკაციით ენმ-ის ოფისში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკეთებ განცხადებას პრევენციულად იმისათვის, რომ ნებისმიერი პროვოკატორი ამ შენობაში გამოაშკარავდება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.