ქვეყნის ახალი მთავრობა 100 დღეში ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმას წარმოადგენს, რისთვისაც საბიუჯეტო ხარჯების გადახედვა, მათ შორის, ოპტიმიზაციაა საჭირო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ძალიან წარმატებით ხელმძღვანელობს თავის უწყებას და ერთობლივი მუშაობით საქართველო უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორები და კეთილდღეობისთვის შრომობენ, სადაც დაცული არის მისი თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, მსოფლმხედველობისა.
"მჯერა, რომ ჩვენი ხედვა თქვენს მხარდაჭერას მოიპოვებს. ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც მინისტრებმა წარმოადგინეს, დეტალურად იქნა განხილული თქვენთან ერთად.
გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ეკონომიკა. ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა. მე მაქსიმალურად მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.
ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. ეს ყველაფერი, გეგმები, რომელსაც ჩვენ უახლოეს 100 დღეში წარმოგიდგენთ, მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვას, მათ შორის, ოპტიმიზაციას. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ძალიან წარმატებით ხელმძღვანელობს თავის უწყებას. საქართველო უნდა ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორები და კეთილდღეობისთვის შრომობენ, სადაც დაცული არის მისი თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, მსოფლმხედველობისა. ჩვენ გვჭირდება საქართველო, რომელიც სასურველია, პარტნიორია ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსთვის. კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, არჩევის შემთხვევაში, დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად და უმოკლეს ვადებში წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც გაწერილი იქნება მოკლე, შუალედურ ეტაპებად. ეს გეგმები საჯარო განხილვის, სამოქალაქო ჩართულობით უნდა დაიხვეწოს და სამთავრობო პროგრამად ჩამოყალიბდეს, რა თქმა უნდა, თქვენი უშუალო ჩართულობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.