საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა და მიუღებელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები პირადად მისთვის და "ქართული ოცნების" გუნდისთვის, არაფერს ნიშნავს.
"ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ამავდროულად, ჩვენი განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელია. ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები.
ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის.
მე ამ ადამიანს შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არის არჩეული ჩვენი მოსახლეობის მიერ. მოსახლეობამ გამოგვიცხადა ნდობა, რიგით მესამე მანდატი მოგვანიჭა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, მოგვიწოდონ გაუგებარი, უსამართლო განცხადებებით. არ შემეძლო ემოციების გარეშე ამ მიუღებელი ფაქტის უყურადღებოდ დატოვება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.