„ადამიანებს უნდა შევუქმნათ გრძელვადიანი პერსპექტივის მკაფიო სურათი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციასთან შეხვედრისას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო 2024 წელს გააკეთებს ამბიციურ განაცხადს და რეალობად იქცევა ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება.
"რწმენა, რომ საერთო შრომით საფუძველს ვუყრით საერთო მომავალს. მჯერა, რომ მაშინ პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები მხარდაჭერას საერთოდ ვეღარ პოვებენ. ჩვენ გავაკეთეთ ამბიციური განაცხადი, რომ 2024 წელს რეალობად ვაქციოთ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, მაგრამ ევროპისაკენ ჩვენს ისტორიულ სწრაფვას ჩვენ ხორცს ვერ შევასხამთ თუ არსებითად არ შევცვალეთ მიდგომები. მხოლოდ აბსტრაქტული სტანდარტების და რეგულაციების ქაღალდზე დაწესებით, რა თქმა უნდა, არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა და ჩვენ უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯები საერთო საერთაშორისო ბალანსში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.