საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში "ქართულ ოცნებას" შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, შეკითხვებს სესიაზე დასვამენ.
გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.
"წინა ორი დღე, შაბათი და კვირა გამოყენებული იქნა კომიტეტების მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის განსახილველად. ბლოკების მიხედვით იყო დაჯგუფებული სამინისტროები და შესაბამისი კომიტეტები. დასრულდა ეს მოსმენები კომიტეტებში, კომიტეტებისგან მიღებული იქნა დადებითი თანხმობები, ხოლო დღეს დილიდან გაიმართება უკვე ფრაქციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან. ამის შემდეგ ბიუროზე მოხდება ამ კომიტეტის გადაწყვეტილებების ინიცირება და უკვე სესიაზე, რომელიც დღესვე გაიმართება, დადგება პრემიერ-მინისტრისთვის და სამთავრობო გეგმისთვის მხარდაჭერის საკითხი", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებაა: პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ჯუანშერ ბურჭულაძე. მაია ცქიტიშვილის ჩანაცვლებას კი მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აპირებს. ყველა სხვა მინისტრი თანამდებობაზე რჩება.
მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
პარლამენტში დღევეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".