ბატონი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებას მიაყენებს მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პირობებში კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება.
"ქართული ოცნების ხელისუფლება არის აბსოლუტურად პოლიტიკურად გაბანკროტებული. შეუძლებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ვერ ხედავდნენ, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა ბოლო დღეებში. ამ ვითარების განსამუხტად აუცილებელია მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია. თუ ლიეტუვის სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან მედიაციაში, ფასილიტატორების ამპლუაში ამერიკის საელჩოსთან და ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, მხოლოდ მივესალმები. მაგრამ, ასე რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად ხელისუფლება აღარ არსებობს
ბატონი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებას მიაყენებს მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას. ბატონი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი 2021 წელს ქართული ოცნების და ქართულმა ოცნებამ არ დაკარგოს ხელისუფლება. დიახაც, ჩაინიშნება არჩევნები და ამ ახალ არჩევნებზე ქართულ ოცნებას მოუწევს, ალბათ, როგორც ჩანს ბატონი ღარიბაშვილის ლიდერობით მონაწილეობის მიღება.
ადამიანი, რომელიც დაკავებულია ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ღვარძლის გაღვივებით, ვითარების დაძაბვით. თავიდან ბოლომდე ბატონი ღარიბაშვილი არის განსახიერება კონფლიქტისა, რომლისთვისაც ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბატონის მორჩილი. იგი არ ცნობს განსხვავებულ პოზიციას ქვეყანაში, იგი არ ცნობს ოპოზიციას, იგი არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას და არის მტრულად განწყობილი ყველანაირი განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. როგორ შეიძლება, ამ ბატონის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად? ვერ გაგრძელდება. კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელდებ", - თქვა მელიამ.