სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, სადაც აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლები კარვის განთავსების შესაძლებლობას არ აძლევენ. დაპირისპირება შეკრების ოცზე მეტი მონაწილის დაკავებით დასრულდა.
“მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.