"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი არის სამოქალაქო მოძრაობა "საქართველოსთვის"
აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ამით საზოგადოების მოთხოვნა, რომ გაიმართოს ვადამდელი არჩევნები, უცვლელი რჩება.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ერქმევა პრემიერ-მინისტრი, ეს იქნება გიორგი გახარია, კობახიძე თუ სხვა. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს რეალურ ნებას და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების გზას. თავის გულის ჭიას იხარებენ ეს ბატონები, ქვეყნისა და ხალხისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პარალელურად, ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვისკენ მოუწოდებს ოპოზიცია, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
ამ დრომდე არსებული განცხადებების გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" კატეგორიულად გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების გამართვას.
მათი განცხადებით, ახლა მმართველი ძალის ყურადღება ახალი მთავრობის ფორმირებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის არჩევისკენ არის მიპყრობილი.