კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, საქართველოს გაზაფხულზე იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტები ჩამოვლენ.
„როგორც იცით, შევცვალეთ კომპანია, რომელიც უკვე ვეღარ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და პროცესები სამართლებრივ ჭრილშია გადასული. აღმოფხვრილია ყველა პრობლემა, რაც დროებით გადახურვას ახასიათებდა, მაგრამ ჩვენი ფოკუსი და მიმართულება არის დღეს იმ ხარვეზებისა ადგილების გამოკვლევა, ღონისძიებების დაგეგმვა, რა ადგილების გამოც მოხდა ამ გადაუდებელი ღონისძიების ჩატარება. ახლა მთავარია საერთაშორისო ექსპერტის მოლოდინი, რომელიც გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს, რომლებიც იქნებიან სახურავზე ორიენტირებული, რადგან დღეს სახურავს აქვს გარკვეული პრობლემები. იცით, რომ ტაძარი სრულად რესტავრირდა და სახურავის პრობლემა იყო ძალიან უსიამოვნო. რთულია, როდესაც სრული რეაბილიტაციის პროცესის შემდგომ, როცა გუმბათის ყელი და აბსოლუტურად ყველა დაზიანებული ადგილი გამაგრდა, ამ დროს კრამიტის გამო, ასეთი რამ ხდება. ამიტომ ჩვენ ველოდებით სპეციალისტებს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებას მოგვცემენ, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა იყოს გამოსასწორებელი ღონისძიებები და რა ვადაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეკომენდაციების შემდგომ საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება ის კომპანია, რომელიც განახორციელებს სამუშაოებს. იუნესკო-ს სპეციალისტებს ველოდებით ადრეულ გაზაფხულზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.