ნორვეგია გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას.
როგორც ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, ზაზა გახელაძე დაუყოვნელივ უნდა გათავისუფლდეს.
"მიუღებელია საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12.5 წლამდე გახანგრძლივება. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალის ციხიდან და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - წერს ნორვეგიის ელჩი.
მანამდე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს ევროკავშირმა, შეერთებული შტატების საელჩომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
გუშინ, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.