ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2020 წლის 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა.
ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მანამდე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივება დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა დღეს მიუსაჯა.