პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა მიესაჯა.
მათივე ცნობით, შემთხვევა 2022 წლის ივლისში მოხდა, ისინი 2026 წლის 23 თებერვალში დააკავეს.
"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამი პირი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს." - ნათქვამია განცხადებაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.