ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსეთის ხელისუფლებისგან ალექსეი ნავალნის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც ბერლინიდან შერემეტევოს აეროპორტში ჩასვლიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
"ალექსანდრე ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს მას გაჩუმება აიძულოს. ნავალნის დაპატიმრება ხაზს უსვამს მისი ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას, როს ის მოწამლული იქნა სახელმწიფო აგენტების მიერ, რომლებიც ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე გაცემულ ბრძანებებს", - განაცხადა Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორმა, ნატალია ზვიაგინამ.
"ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს მშვიდობიანი პოლიტიკური საქმიანობისა და სიტყვის თავისუფლების გამო. Amnesty International-ი მას სინდისის პატიმარად მიიჩნევს და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლებას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Amnesty International-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები.
"რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მათი კრიტიკოსების დაშინებისა და პოლიტიკური შევიწროების კამპანია", - დასძენენ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი გუშინ მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს.
დაკავებამდე აეროპორტში ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს მისთვის საუკეთესო დღეა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. მისი თქმით, ის ბედნიერია რუსეთში დაბრუნებით და სრულებით არ ეშინია დაპატიმრებისა და დევნის.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ნავალნის დაკავებას გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და რუსეთის ხელისუფლებისგან მისი გათავისუფულება მოითხოვეს.
ალექსი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების განზრახვის შესახებ 13 იანვარს განაცხადა.
12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს" და დასძინა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ".