9 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს "დიდება დედოფალს", რომელიც ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს.
ეს იქნება პირველი საჯარო ონლაინ ჩვენება საქართველოში პრემიერის შემდეგ. ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის - "სინედოკის" ფარგლებში. "დიდება დედოფალს" უკვე ნახეს ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში.
60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.
კინოკლუბში გასაწევრიანებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს.
ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში. რადგან ფილმის ჩვენება ჯერ არ შემდგარა რამდენიმე ქვეყანაში, მას ექნება გეოგრაფიული შეზღუდვა და ჩვენებაზე ონლაინ დასწრებას შეძლებენ მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლები.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.