ევროკავშირის საბჭომ, წევრო ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შემადგენლობით, დაამტკიცა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების მექანიზმი, რომელიც ე.წ. მაგნიტსკის აქტის ანალოგიური მექანიზმია.
სანქციების ახალი რეჟიმი ძალაში შევა 8 დეკემბრიდან და მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე იმოქმედებს.
დაგეგმილია მისი გამოყენება ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დარღვევაში, წამებასა და ტრეფიკინგში იქნებიან მონაწილენი.
სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთათის ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადები, ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის ახალი მექანიზმის შემოღება ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეაგირების ეფექტურობას მსგავსი დანაშაულების მიმართ.
სანქციების ასეთი რეჟიმის შემოღება არ გულისხმობს ავტომატურად კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებას. ის ქმნის მხოლოდ სამართლებრივ წინაპირობას შემდგომში კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შემდეგი ნაბიჯი კი სანქციების სიაში კონკრეტული პირების შეყვანა იქნება, რისთვისაც ასევე აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება.
მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი მექანიზმი დისკუსიის გარეშე დაამტკიცეს, რადგან ის 2 დეკემბერს უკვე შეთანხმდა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების დონეზე.
მანამდე, 19 ოქტომბერს სანქციების ახალი რეჟიმის შესახებ წინადადება ევროკომისიამ შეიმუშავა და დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა.
მაგნიტსკის აქტი
შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო "მაგნიტსკის აქტი", რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
"მაგნიტსკის აქტი", იურისტ სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელიც 2009 წელს მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გარდაიცვალა.
მაგნიტსკი დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად.
2016 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომლითაც პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, განაახლოს იმ უცხოელთა სია, რომლებიც დამნაშავეები არიან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
მსგავსი სამართლებრივი აქტები მიიღეს ასევე კანადაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და გაერთიანებული სამეფოში.