ევროკავშირმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმის შემოღებისკენ, რომელიც ე.წ. მაგნიტსკის აქტის ანალოგიური მექანიზმია.
დღეს, 19 ოქტომბერს ევროკომიის სხდომაზე დამტკიცდა წინადადება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ევროკომოსიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ ძალაში შევა ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, ეს ევროგაერთიანებას მეტ მოქნილობას შესძენს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე რეაგირებისთვის", - განაცხადა შეფჩოვიჩმა.
მისივე განმარტებით, სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთათის ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს.
სანქციების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს ინიციატივა იქნება უპრეცენდენტო, რადგან წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის საკითს ეროვნული მთავრობები არეგულირებენ.
ევროკომისიის მიერ მომზადებული წინადადება ახლა უკვე ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს. სწორედ ამ ორგანოს აქვს უფლებამოსილება დააწესოს სანქცია ევროკავშირის სახელით, ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით.
სანქციების ასეთი რეჟიმის შემოღება არ გულისხმობს ავტომატურად კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებას. ის ქმნის მხოლოდ სამართლებრივ წინაპირობას შემდგომში კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შემდეგი ნაბიჯი კი სანქციების სიაში კონკრეტული პირების შეყვანა იქნება, რისთვისაც ასევე აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება.
მაგნიტსკის აქტი
შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო "მაგნიტსკის აქტი", რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
"მაგნიტსკის აქტი", იურისტ სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელიც 2009 წელს მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გარდაიცვალა.
მაგნიტსკი დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად.
2016 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომლითაც პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, განაახლოს იმ უცხოელთა სია, რომლებიც დამნაშავეები არიან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
მსგავსი სამართლებრივი აქტები მიიღეს ასევე კანადაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და გაერთიანებული სამეფოში.