შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარყო ტრამპის ადვოკატების სარჩელი, რომელიც პენსილვანიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა.
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადვოკატების სარჩელი წარმოდგენილი იყო კონკრეტული არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩვენი დემოკრატიის მაცოცხლებელი ძალაა. არჩევნების არასამართლიანობის შესახებ ბრალდებები სერიოზულია, მაგრამ მისი არასამართლიანად გამოცხადება ასე არ ხდება", - აღნიშნა გადაწყვეტილებაში მოსამართლე სტეფანოს ბიბასმა.
"ბრალდება მოითხოვეს კონკრეტულ არგუმენტებს და მის დამტკიცებას, არცერთი მათგანი არ გვქონია", - დასძინა მოსამართლემ.
ტრამპის კამპანიის იურისტი ამგვარად გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - SCOTUS-ზე, გულისხმობს "შევხვდებით უზენაეს სასამართლოში".
სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მორიგი წარუმატებლობაა ტრამპისთვის, რომელიც ცდილობს შეცვალოს არჩევნების შედეგები იმგვარად, რომ გამარჯვებულად თავად გამოცხადდეს.
მანამდე პენსილვანიის შტატის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სარჩელი, რომლითაც მილიონობით ხმების გაუქმება იყო მოთხოვნილი.
ხუთშაბათს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს დატოვებდა, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს დაამტკიცებდა გამარჯვებულად.
მეორე დღეს კი ტრამპმა კვლავ განაგრძო არჩევნების გაყალბების შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერება და განაცხადა, რომ "ბაიდენი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თეთრ სახლში შესვლას, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მლნ ხმა თაღლითურად არ მოუპოვებია".
დონალდ ტრამპი არჩევნებზე "ფართომასშტაბიან გაყალბებაზე" საუბრობს ისე, რომ ამ დრომდე ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის, არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.