შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან პირველი პრესკონფერენცია გამართა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად დაადასტურებს ჯო ბაიდენის გამარჯვებას.
რეპორტიორების მიერ დასმულ შეკითხვაზე, დატოვებდა თუ არა თეთრ სახლს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ. და თქვენ ეს იცით".
ამასთან, პრეზიდენტმა თქვა, რომ "თუ ისინი [საარჩევნო კოლეგია] დაამტკიცებენ ჯო ბაიდენს, ამით შეცდომას დაუშვებენ".
"დამარცხების აღიარება ძალიან ძნელი იქნება", - დასძინა ტრამპმა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ის კვლავ გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.
დონალდ ტრამპს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, წარადგენს თუ არა თავის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, ან დაესწრება თუ არა ბაიდენის ინაუგურაციას.
ტრამპი უარს აცხადებდა არჩევნებში მარცხის აღიარებაზე და გაყალბების შესახებ იუწყებოდა, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე.
პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი იურისტების ჯგუფმა არაერთი სამართლებრივი დავა წამოიწყეს არჩევნების შედეგების შესაცვლელად, მაგრამ უმეტესობა მათგანი კრახით დასრულდა.
ამ კვირის დასაწყისში, დონალდ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების ფორმალური პროცესის დაწყებას.