პენსილვანიის შტატის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სარჩელი, რომლითაც მილიონობით ხმების გაუქმება იყო მოთხოვნილი.
ტრამპის საარჩევნო კამპანიის იურისტები ითხოვდნენ თითქმის 7 მლნ ხმის გაუქმებას.
მოსამართლე მეთიუ ბრანი გადაწყვეტილებაში წერს, რომ სარჩელი არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით.
"სასამართლოს წარედგინა სარჩელი ნაძალადევი სამართლებრივი არგუმენტებითა და სპეკულაციური ბრალდებებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე", - წერია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გზას უხნის პენსილვანიის შტატს, მომავალ კვირას ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირება (დადასტურება) მოახდინოს, რომელიც დონალდ ტრამპს 80 000 ხმით უსწრებს.
ამ დროისთვის, ეს გადაწყვეტილება ბოლო დარტყმაა ტრამპის მცდელობისთვის, რომელიც ცდილობს შეცვალოს არჩევნების შედეგები იმგვარად, რომ გამარჯვებულად თავად გამოცხადდეს.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არჩევნებზე "ფართომასშტაბიან გაყალბებაზე" საუბრობს ისე, რომ ამ დრომდე ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
დონალდ ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის, არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.
ტრამპის საარჩევნო კამპანიამ სხვადასხვა სასამართლოში უკვე იწვნია მარცხი, მაგრამ ახლა ის ცდილობს შეაფერხოს შტატების მიერ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირება.
ფოტო: Washington Post