შეერთებული შტატების სენატი დღეს კენჭს უყრის ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე.
დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადი სენატი, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს მათი თანაპარტიელის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ კონი ბარეტის კანდიდატურას.
48 წლის ემი კონი ბარეტის დამტკიცების შემთხვეაში, უზენაეს სასამართლოში იქნება კონსერვატორთა უმრავლესობა 6-3-ის თანაფარდობით.
სენატის იურიდიული კომიტეტის მოსმენებზე, ემი კონი ბარეტმა, კონსერვატორი ქრისტიანების რჩეულმა, თავი აარიდა ისეთ საკვანძო საკითხებზე დასმულ შეკითხვებს, როგორიცაა პრეზიდენტის უფლებამოსილება, კლიმატის ცვლილებები, ხმის მიცემის უფლებები, აბორტი, პრეზიდენტ ობამას მიერ დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ა.შ.
დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი 26 სექტემბერს წარადგინა.
ემი კონი ბერეტმა უნდა ჩაანაცვლოს უზენაესი სასამართლოს სახელგანთქმული მოსამართლე, სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 87 წლის ასაკში გასულ თვეს გარდაიცვალა.