პირველი ამოცანა იყო ადამიანების გადარჩენა. 43 მძევალი გავათავისუფლეთ და არც ერთი ადამიანი დაზიანებული არ არის. მეორე ეტაპია - დავიჭიროთ, დავაკავოთ და დავსაჯოთ- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმმისთვის, რომ ერთ ადამიანსაც კი არაფერი დაშავებოდა.
„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო. დღევანდელი დღე და ღამეც ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით დარჩენილები, იმ სამი ადამიანისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა, რაც დავისახეთ და რაც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთანაც, ბატონ პრემიერ მინისტრთანაც და მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ დაშავებულიყო.
ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არაფერი დაშავებოდა. თქვენ ნახეთ, ეტაპობრივად გამოუშვეს ადამიანები, ჯერ 14 კაცი, მერე 7, მერე 9 და აშ.. მე რისი თქმაც არ შემიძლია, ვერ გეტყვით. შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთმა სიტყვამაც შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. გვაცადეთ. დღეს დილით დამთავრდა ეს ღონისძიება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პირველი ამოცანა იყო ადამიანების გადარჩენა. 43 მძევალი გავათავისუფლეთ და არც ერთი ადამიანი დაზიანებული არ არის. მეორე ეტაპია - დავიჭიროთ, დავაკავოთ და დავსაჯოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.