მოძრაობის თეატრი 20 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოძრაობის თეატრი განცხადებას ავრცელებს.
"კახა ბაკურაძემ თეატრი 2000 წელს დააფუძნა და მას შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომის, ენთუზიაზმის, სწორი მენეჯმენტის, იდეების და განუწყვეტელი სიახლეების ხარჯზე, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე შეძლო, მაყურებლისთვის მუდმივად საინტერესო სარეპერტუარო თეატრად ქცევა.
პანდემიის პირობებშიც კი, კახა ბაკურაძე და იოსებ ბაკურაძე აღმოჩდნენ ის რეჟისორები, რომლებმაც ახალი სპექტაკლების დადგმა შეძლეს და მაყურებელს მონატრებული საპრემიერო ემოცია აჩუქეს.
20 წლის მანძილზე , 13 წელი, თეატრს არ ჰქონდა სარეპეტიციო და სათამაშო სივრცე. რეპეტიციობდნენ და თამაშობდნენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას ნახავდნენ და მაინც ყველგან დაჰყვებოდა ერთგული მაყურებელი, სადაც არ უნდა წასულიყვნენ, რადგან მოძრაობის თეატრი მათ ჩუქნიდა იმას , რასაც სხვაგან ვერ ნახავდნენ.
2013 წელს მოძრაობის თეატრმა საინტერესო და განსხვავებულ სპექტაკლებთან ერთად, მაყურბელს განსხვავებული თეატრის შენობაც აჩუქა, თვითმფრინავის ძველ ანგარში, რომელიც მუდმივად იწვევს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის აღფრთოვანებას. თეატრის შენობა არაერთხელ მოხვდა პოპულარულ უცხოურ ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში.
მრავალპროფილიანი ღონისძიებებით, ენობრივი ბარიერის გარეშე, მორაობის თეატრი ინტერნაციონალურ, მულტიკულტურულ თანამედროვე ხელოვნების ცენტრად იქცა. წლების მანძილზე ის გახდა თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, თანამედროვე ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ტურისტებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.