ხვალ, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გივი ყანდარელის სახელობის გობელენის მუზეუმში (შარდენის ქ.19) გაიხსნება ისრაელელი ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის გენადი როიტიხის გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები და კერამიკული ფოტოინსტალაციები.
გამოფენის მხარდამჭერია „ისრაელის სახლი“, რომელიც პანდემიის მიუხედავად, შესაბამისი წესების დაცვით, არაერთი აქტივობის ორგანიზატორია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, პანდემიის პერიოდში მსგავსი კულტურული ღონისძიებები მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რაც გაისად კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
"ისრაელის სახლს" უკვე შემუშავებული აქვს პოსტკორონას პერიოდის აქტივობების სავარაუდო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული ურთიერთობებია. მხარეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის კულტურა და ინტერესები, სხვანაირად შეუძლებელია მაღალი დონის კავშირების ჩამოყალიბება, - აცხადებს იციკ მოშე.
გენადი როიტიხი - გამოჩენილი მხატვარი და მოქანდაკე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, რომელიც მონაწილეობს სოლო თუ სხვა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. როიტიხის ქანდაკება „მემორანდუმ 10“ აღმართულია ისრაელის პარლამენტში - ქნესეთში.
როიტიხი უკრაინაში დაიბადა. 1949 წელს ისრაელში ემიგრირდა. მას პროფესიული განათლება საქართველოში აქვს მიღებული. 1972 წელს დაამთავრა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელი, 1977 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია. ცხოვრობს ისრაელში.
გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება.