შეერთებული შტატების საელჩომ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისა და გამაგრებისთვის 506 000 დოლარი გამოყო. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"აშშ-ის საელჩო თბილისში სიამაყით აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის შენარჩუნების პროექტი შეირჩა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ.
მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც ასევე აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ამიერიდან გავრცელდება შენობის მთლიან გარეთა ფასადზე, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს და გუმბათის რვავე მხარეს, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს.
პროექტის პირველი ეტაპი 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა AFCP პროგრამის ფარგლებში. ახალი გრანტი კი ითვალისწინებს დამატებით 506 250 აშშ დოლარის გამოყოფას, რაც განკუთვნილია სასიცოცხლო მნიშვნელობის საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს.
ელჩი კელი დეგნანი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილთან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლით დავითთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ ბელაშვილთან და სხვა გამორჩეულ სტუმრებთან ერთად, დაესწრო გახსნით ცერემონიას და პრეზენტაციას ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომლის საშუალებითაც ეს გასაოცარი ძეგლი მომავალ თაობებს შეუნარჩუნდებათ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ფოტო: GeorgianTravelGuide.com