შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ არსებული სანქციები გააფართოვა. იტყობინება "რადიო თავისუფლება".
ახალი სანქციები დაეკისრებათ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ თავისი განზრახვის, გაზის უკრაინის გვერდის ავლით მიწოდების ტრანზიტული ქსელის მშენებლობის განხორციელებაში.
დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ ცვლილებები ეროვნული თავდაცვის აქტში [NDAA] 20 ივლისს განახორციელა. სწორედ ამ დოკუმენტში შევიდა შესწორება სანქციების გაფართოების შესახებ.
ვიდრე წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული სანქციების ახალი პაკეტი აღმასრულებელ ფუნქციას შეიძენს და კანონი გახდება, მანამდე ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდეგ - პრეზიდენტმა.
რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა სანქციების გვერდის ავლით, როგორმე დაასრულოს გაზსადენის მშენებლობა, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის გავლით ევროპასთან დააკავშირებს.
ამ დროისთვის მილსადენის პროექტის 90% განხორციელებულია. იგი შედება ორი პარალელური ხაზისგან, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და თითოეული მათგანის სიგრძე 1230 კილომეტრია.
პროექტის მიხედვით მილსადენმა, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება პროექტს იმ მოტივით, რომ იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და სჯის უკრაინას, რომელიც მის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"რუსეთი ცდილობს განახორციელოს „ჩრდილეოთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რათა მისით კონტროლი მოპოვოს და გააძლიეროს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსა და მათ ენერგომომარაგებაზე. უნდა შევეწინააღმდეგოთ პუტინის მტრულ სტრატეგიას“, - ასე გამოეხმაურა ცვლილებებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, სტივ უომაკი.
რუსეთის გეგმით, გაზსადენის მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ გეგმის სისრულეში მოყვანა შეერთებული შტატების მიერ გასული წლის დეკემბერში დაწესებულმა სანქციებმა შეუძლებელი გახადა.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი თავის მრავალწლიან ზრახვას, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანს სისრულეში.
ის ასევე გაივლის ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ ან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს.