შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მივესალმებით, საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და უზრუნველყონ დანაპირების შესრულება საარჩევნო რეფორმების მიღებით", - განაცხადა მაიკ პომპეომ.
მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა.
"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ცვლილებები 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული, რომელიც პოლიტიკური პარტიებს შორის შედგა. ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც მთლიანად შეიცავს ეუთო/ODIHR რეკომენდაციებს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად განახორციელოს ასეთი კანონმდებლობა.
საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს.
წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდის სამართლიანობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღე. აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებაში, საარჩევნო პრაქტიკაში, კანონის უზენაესობაში, ისევე როგორც უფრო ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, რაც არის საუკეთესო თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.
გარდა ამისა კონსტიტუციური კანონის პროექტით რეგულირდება პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილებასთან, საარჩევნო ბარიერთან და ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სანამ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება.