ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ცვლილებები 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული, რომელიც პოლიტიკური პარტიებს შორის შედგა. ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც მთლიანად შეიცავს ეუთო/ODIHR რეკომენდაციებს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად განახორციელოს ასეთი კანონმდებლობა.
საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს.
წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდის სამართლიანობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღე. აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებაში, საარჩევნო პრაქტიკაში, კანონის უზენაესობაში, ისევე როგორც უფრო ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, რაც არის საუკეთესო თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან", - ნათქვამია განცხადებაში.