ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, _ განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობდა.
"ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით შს მინისტრის მხრიდან მიწოდებული იყო დეტალური ინფორმაცია. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი პრინციპია, დაცული იყოს საქართველოსთვის სასიცოცხლო ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური. ასევე დაცული უნდა იყოს მეზობელი სომხეთის ინტერესები.
"თუ მოლაპარაკებები ამ საკითხზე სასიკეთოდ წარიმართება, ეს იქნება ქვეყნისთვის მხოლოდ წარმატების მომტანი და არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა.