დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, მონტენეგროს ხელისუფლებამ 130 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრები გახსნა. იტყობინება ადგილობრივი გაზეთი Vijesti.
მონტენეგროში გამგზავრება სავალდებულო კარანტინისა და კორონავირუსის ტესტის გარეშე იქნება შესაძლებელი.
გამოცემის ინფორმაციით, მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც შეეძლებათ ქვეყნის მონახულება 1 ივნისიდან, კარანტინისა და კორონავირუსის ტესტების გარეშე.
იუწყებიან, რომ კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის გამო სიიდან ამოიღეს ჩრდილოეთ მაკედონია და ირლანდია.
სიაში ასევე ვერ მოხვდნენ იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აშშ-ი და უკრაინა.
მაისის შუა რიცხვებში, ჩერნოგორიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია სრულ კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ 18 მაისს სასტუმროები, პლაჟები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და კაფეები გაიხსნა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტურიზმის სრული ამოქმედება აგვისტო-სექტემბერში შეეძლება.
მონტენეგროში უკვე 28 დღეა, რაც კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.