ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ "ერთმორწმუნე მტერი" კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სიტყვაში.
ეპისკოპოსი სრულიად საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და აღნიშნავს, რომ "ნეიტრალიტეტის" მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა და ის მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომ საქართველო დაიპყროს და დამოუკიდებლობა წაართვას.
"1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი "საქართველო" - "საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა, დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!" სამწუხაროდ, რუსულმა ოკუპაციამ დიდხანს არ გვაცალა ამ განძით ტკბობა და 1921 წელს, ისევე წაგვართვა იგი, როგორც დედას სტაცებენ ხოლმე ჩვილ ბავშვს. 70 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენს მშობლიურ წიაღს, ჩვენს დამოუკიდებლობას დავბრუნებოდით. თუმცა, ეს დაბრუნებაც არ გამოდგა სტატიკური მოვლენა, ჩვენს შემთხვევაში, იგი ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლას ნიშნავდა, იმ ბრძოლისა, რომელსაც უკვე 30 წელია ვაწარმოებთ, რათა დაბრუნებული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ", - წერს ეპისკოპოსი და აღნიშნავს, რომ დღეს, "რბილი ძალის" გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა.
"ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ "ერთმორწმუნე მტერი" კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის, მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია", - წერს ეპისკოპოსი.