საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე, წესზე და ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც კი გაიგებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში ერთი და ორი შემთხვევა - ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ დღეში ათამდე ან ოცამდე შემთხვევა რომ იყოს, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება, მაინც ჩაითლება რომ საქართველო ეპიდემიის პირველ ეტაპს კარგად გაუმკლავდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.