მონტენეგრომ კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მილო დუკანოვიჩმა მიკრობლოგ "ტვიტერში" დაწერა.
"ხელისუფლებამ და მონტენეგროს მთელმა საზოგადოებამ აჩვენა პასუხისმგებლობის მაღალი დონე ამ პრობლემის გადასაჭრელად", - დაწერა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლა დროა ქვეყანამ იმუშაოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის გამოსასწორებლად.
ბოლო 20 დღეა, მონტენეგროში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მანამდე ინფიცირებული ყველა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა მონტენეგროში 17 მარტს დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 324 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 9 პაციენტი.