წელს „ქოლგა თბილისი ფოტო", არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge უმასპინძლებს.
4 მაისს, გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს" სოციალურ ქსელსა და „არტ არეას" პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
· დოკუმენტური სერია
· რეპორტაჟი
· კონცეპტუალური ფოტოპროექტი
· ერთი კადრი
· საუკეთესო მობილური ფოტო
5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, 15 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური თუ ინდივიდუალურ გამოფენა, დისკუსიები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და პორტფოლიო-განხილვებია დაგეგმილი.
წელს საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 1000 აშშ დოლარი, საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 500 აშშ დოლარი გადაეცემა.
25 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ფოტოგრაფი, ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდება პრემიით - KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომლის ფოტოსერიაც შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი. გამარჯვებული 500 დოლარით დასაჩუქრდება.
კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge ყველა მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ფაბიო სგროის (იტალია), მარტინ ბოგრენის (შვედეთი), ნინა კორონენის (შვედეთი), ფინბარ ორაილის (ინგლისი), მეს ნისენის (დანია), გიორგი შენგელიას (საქართველო), ლუის ვაინშტაინის (ჩილე) და კიდევ მრავალი ფოტოგრაფის როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, მათ შორის საერთაშორისო ფოტოჟურნალების - GUP-ისა და EEP Berlin-ის გამოფენები.
გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტ-კრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს, რაც საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ და საუკეთესო გამოცდილება მიიღონ. ამ სექციით „ქოლგა თბილისი ფოტო" საქართველოში ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.
თიბისი მე-16 წელია „ქოლგას" მხარდამჭერია. წელს, ფოტოკვირეულის ფარგლებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, საკუთარი მომხმარებლებისთვის 2 დისკუსიას უმასპინძლებს:
· ფოტოგრაფიის ლექტორი, ხოსე ლუის ნევესი - „Let's Get Physical! Interrogating the Boundaries of Photobook Making".
· ბრიტანელი ფოტოგრაფი, „Canon"-ის ელჩი, კლაივ ბუთი - „Recipe for a portrait".
ფოტოკვირეულის პარტნიორი მუზეუმები და გალერეები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ხელოვნების სასახლე, თიბისი არტ გალერეა, არტარეა გალერეა, გალერეა Fotografia, უსახელო გალერეა, გალერეა ლიჰტბლიკი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
„ქოლგა თბილისი ფოტოს" დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.kolga.ge