დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს.
ქართველი კინემატოგრაფისტები ინტერნეტ სივრცეში მათ ფილმებს ასაჯაროვებენ. თანამედროვე ქართული ფილმების ონლაინ ჩვენებების განრიგი ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გახდება ცნობილი.
ინიციატივას ახლახანს შემოუერთდნენ ლევან კოღუაშვილი, ლევან თუთბერიძე, ნანა ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი, ვახო ვარაზი, ლაშა ოთხმეზური და ნინო ჟვანია. ახალგაზრდა რეჟისორებმა - გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ კი მათი ფილმები „ცუდი ხალხი“ და „ღორი“ უკვე გახადეს ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში.
ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა გაიმართება 25 მარტს, 19:00 საათზე. ფართო საზოგადოება პირველად ნახავს გიგა ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებულ ფილმს „გაბანა“ ჯანო იზორიასა და დავით როინიშვილის მონაწილეობით.
ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და სულ ცოტათი მაინც შევამსუბიქოთ თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფა.