ლუვრში ლეონარდო და ვინჩის გამოფენას, რომელიც მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლისთავს ეძღვნებოდა, 1,1 მლნ დამთვალიერებელი სტუმრობდა, რაც მუზეუმის ისტორიაში რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს. იუწყება Artnet-ი.
"შესანიშნავია, რომ აღორძინების ხანის იტალიელი მხატვარი გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგაც ანცვიფრებს ფართო აუდიტორიას“, - განაცხადა ლუვრის პრეზიდენტმა ჟან-ლუკ მარტინესმა.
გამოცემის ცნობით, და ვინჩის ნამუშევრების დასათვალიერებლად, მუზეუმს, დღეში ათი ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 160 ნამუშევარი, მათ შორის ცხრა ფერწერული ტილო და 80 ნახატი, ასევე ლეონარდო და ვინჩის მოსწავლეების ნამუშევრები.
"მონა ლიზა" ლუვრში თავის ჩვეულ ადგილზე იყო განთავსებული. ექსპოზიციისთვის ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან შეკრიბეს.
მანამდე, ლუვრში ყველაზე პოპულარული დროებითი ექსპოზიცია იყო ფრანგი მხატვრის ეჟენ დელაკრუას ნამუშევრების გამოფენა. ის 2018 წელს 540 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა.