ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავთან დაკავშირებით ირანში მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. ირანულს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა.
დემონსტრაციები დილიდან მიმდინარეობს. ქუჩებში გამოსულია მოსახლეობა ირანის დროშებითა და პლაკატებით. დემონსტრაციებზე ისმის სხვადასხვა შეძახილი, მათ შორის ლოზუნგი "სიკვდილი ამერიკას".
თეირანში დემონსტრანტებმა მთლიანად დაიკავეს აზადის მოედანი, სადაც სიტყვით გამოვა პრეზიდენტი ჰასან როჰანი.
ირანში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა ასობით პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და მეცნიერი. ღონისძიებებში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები და სამხედროები.
ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა 1 თებერვალს იწყება, ამ დღეს 1979 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათოლა ჰომეინი თეირანში პარიზიდან 15-წლიანი დევნილობის შემდეგ ჩავიდა. ოდნავ მოგვიანებით კი, 11 თებერვალს ირანში შაჰის მმართველობა დაემხო.
1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციამდე, ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.
მიუხედავად იმისა, რომ შაჰის მმართველობა დიქტატორულ ნიშნებს შეიცავდა, მან მოახერხა ქვეყნის ვესტერნიზაციის გზაზე დაყენება, მოდერნიზება და გარკვეულწილად კულტურული თავისუფლების მოპოვება.
შაჰის მმართველობის ჟამს, ირანის ეკონომიკა და საგანმანთლებლო შესაძლებლობები გაიზარდა. თუმცა შაჰის ავტორიტარულმა ქმედებებმა, ფუფუნებისკენ უსაზღვრო სწრაფვამ, საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო ქვეყანაში ისლამური რევოლუციის პროვოცირებას.
იხილეთ სტატიები ამავე თემაზე:
• ირანი შაჰიდან აიათოლამდე
• ირანი 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე
• ირანელი ქალები - ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ