ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის" გადაცემის 92-ე ცერემონიალი 9 თებერვალს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
"ოსკარების" ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლირების უფლება მრავალი წელია ტელეკომპანია ABC-ის აქვს შესყიდული. პირდაპირი ეთერით ტკბობა მსოფლიოს 225-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
გასული წლის მსგავსად დაჯილდოების ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩაივლის.
2019 წელს ოსკარის ცერემონიალი 30 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა წამყვანის გარეშე.
"ოსკარის" დაჯილდოების წამყვანი კომიკოსი მსახიობი კევინ ჰართი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით, მსახიობმა ცერემონიის წაყვანაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი წარსულში მისი ჰომოფობიური განცხადებები გახდა, რომელიც პრესაში დაიბეჭდა.
ცოტა ხნის წინ, კინოამადემიამ დაასახელა იმ მსახიობების ვინაობა, რომლებიც გამარჯვებულებს ჯილდოს გადასცემენ. ესენია: ტომ ჰენკსი, სანდრა ო, ნატალი პორტმანი, ჯეინ ფონდა, ტიმოთი შალამე, პენელოპა კრუზი, ბრი ლარსონი, კიანუ რივი, რემი მალეკი და სხვა ვარსკვლავები.
მოელიან, რომ დოლბის თეატრის სცენაზე გამართული ცერემონია, რომელიც Forbes-ის ინფორმაციით, ორგანიზატორებს $ 44 მილიონად დაუჯდა, სტუმრებს ახალი სასცენო დეკორაციით გააკვირვებს და მუსიკალური ნომრებით იქნება სავსე.
ოსკარის ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ფილმი" - წელს ცხრა კინოსურათია წარმოდგენილი: "1917", "პარაზიტები", "ირლანდიელი", "ერთხელ ჰოლივუდში", "ჯოჯო კურდღელი", "ქორწინების ისტორია“, პატარა ქალები, Ford vs Ferrari და "ჯოკერი".
როგორც ჰოლივუდელი კინოკრიტიკოსები იუწყებიან, გამოკვეთილი არ არის თუ რომელი ფილმი მოიგებს კინოაკადემიის წევრების გულს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ოქროს გლობუსის, ამერიკის კინომსახიობთა გილდიისა და BAFTA-ს ჯილდოები საუკეთესო ფილმისთვის სემ მენდესის 1917-მა მიიღო, შესაძლოა, ოსკარიც სწორედ ამ კინოსურათს ერგოს.
კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო ხოაკინ ფენიქსს გადაეცემა, რომელმაც მანამდე რამდენიმე გავლენიანი კინოდაჯილდოებისა და ფესტივალის ჯილდოები მოიპოვა "ჯოკერში" შესრულებული მთავარი როლისთვის.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება ხოაკინ ფენიქსისთვის პირველი ოსკარი.
ნომინაციაში, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, ფენიქსის მეტოქეები არიან ადამ დრაივერი ("ქორწინების ისტორია“), ლეონარდო დიკაპრიო ("ერთხელ ჰოლივუდში"), ჯონათან პრაისი ("ორი პაპი") და ანტონიო ბანდერასი ("ტკივილი და დიდება").
კინოკრიტიკოსთა წინასწარი ვარაუდით, ოსკარი წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში რენე ზელვეგერს, ფილმში "ჯუდი", ამერიკელი კინოლეგენდის, ჯუდი გარლანდის როლის შესრულებისთვის გადაეცემა.
ამავე კატეგორიაში, ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვიან სკარლეტ იოჰანსონი ("ქორწინების ისტორია"), სირშა რონანი ("პატარა ქალები"), სინტია ერივო ("ჰარიეტი") და შარლიზ ტერონი ("სკანდალი").
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცისა და ქალის ჯილდოს მოპოვებას ბრედ პიტსა ("ერთხელ ჰოლივუდში") და ლორა დერნს ("ქორწინების ისტორია") უწინასწარმეტყველებენ.
წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეული ფილმის "პარაზიტების" გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.
დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის დროით, 10 თებერვალს, დილის 5 საათზე დაიწყება.