ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ავტომობილის მძღოლებს, რომელთაც რუსული ამ ე.წ. სამხრეთ ოსური სანომრე ნიშნები არ აქვთ აჯარიმებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის ერთ-ერთმა მოსახლემ აცნობა, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარზე 315 რუბლით მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ ავტომანქანას ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა.
მისივე თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ოკუპირებულ რაიონში ე.წ. ოსური პასპორტების დარიგებას დაიწყებენ და ვინც მის აღებაზე უარს იტყვის იგი რაიონში "უცხო ქვეყნის მოქალაქედ" ჩაითვლება და ახალგორში ყოველ შესვლაზე ოფიციალურ გადასახადს 20 ლარის ექვივალენტს რუსულ რუბლებში გადაიხდის.
ამასთან, ვისაც ე.წ. ოსური პასპორტი არ ექნება მათ საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალებათ.
ახალგორელების განცხადებით, სეპარატისტების ასევე ემუქრებიან, რომ ე.წ. ოსური პასპორტის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში უძრავ ქონებას ჩამოართმევენ.
"არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ოსური პასპორტების აღება არ გვინდა მაგრამ, მაშინ ჩვენი სახლები უნდა დავცალოთ და ასეთ შემთხვევაში ოკუპანტები და სეპარატისტები უკვე თავისუფლად შესძლებენ ვინც ენდომებათ მათ მიყიდონ ჩვენი სახლები, როგორც ეს აფხაზეთში გააკეთეს", - აცხადებენ ახალგორელები.
წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. ოსური პასპორტების გაცემა 15 ოქტომბრიდან დაიწყება.