სამშაბათს, 28 იანვარს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად "ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" წარადგინა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო გეგმა უაღრესად დეტალურ წინადადებებს მოიცავს, რომლის მსგავსი აქამდე არავის შემოუთავაზებია ახლო აღმოსავლეთს მშვიდობისთვის.
ტრამპის თქმით, სამშვიდობო გეგმა უზრუნველყოფს ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობას.
დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული წინადადების მიხედვით, პალესტინის ტერიტორიები გაორმაგდება, ხოლო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად უნდა დარჩეს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გეგმა გულისხმობს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი "აღმოსავლეთ იერუსალიმი" იქნება.
მისივე თქმით, "სიამოვნებით გახსნის აღმოსავლეთ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს".
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ი და ისრაელი მოამზადებენ დეტალურ რუკას, სადაც ნაჩვენები იქნება ორი სახლემწიფოს - ისრაელისა და პალესტინის საზღვრები.
გეგმა ასევე ითვალისწინებს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელური დასახლებების მშენებლობის შეჩერება. სწორედ ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოილაპარაკონ მხარეებმა ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ხოლო უკვე არსებული ისრაელური დასახლებები დარჩება ისევ ისრაელის სახელმწიფოს კონტროლქვეშ.
ტრამპი თვლის, რომ მისი გეგმა შესაძლოა უკანასკნელი შანსი იყოს პალესტინისთვის, რათა მათ საბოლოოდ შეძლონ სახელმწიფოებრიობის მოპოვება.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დადგა დრო, მუსლიმანურმა სამყარომ "გამოასწოროს 1948 წლის შეცდომა და აღიაროს ისრაელი".
პალესტინის მხარეს შესაძლებლობა მიეცემა გახსნას კურორტი მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით. გეგმა ასევე ითვალისწინებს პალესტინის სასოფლო-სამეურნეო პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას მდინარე იორდანეს სანაპიროებზე. თავად სანაპიროები კი გეგმის მიხედვით უნდა დარჩეს ისრაელის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ.
პალესტინელი ლტოლვილები ვერ შეძლებენ ისრაელში ჩასახლებას, მათ არჩევანის საშუალება მიეცემათ: ან იცხოვრონ პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან გაემგზავრონ მესამე ქვეყანაში.
გეგმა ითვალისწინებს პალესტინის ეკონომიკურ განვითარებას. პალესტინის მხარეს 50 მილიარდი დოლარი გამოეყოფა, რაც გეგმის ავტორების აზრით, შექმნის მილიონ სამუშაო ადგილს და გაზრდის პალესტინის მშპ-ს მინიმუმ ორჯერ.
ტრამპმა მოგვიანებით, მიკრობლოგ "ტვიტერზე" პალესტინის მომავალი სახელმწიფოს რუკა გამოაქვეყნა, იმ საზღვრების ფარგლებში, რომელსაც სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს.
რუკის მიხედვით, ეგვიპტეს საზღვართან შემოთავაზებულია ორი პალესტინური ტერიტორიის შექმნა, რომლებიც დაკავშირებულია ღაზის სექტორთან. ერთ-ერთ ტერიტორიაზე გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია "მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონის" შექმნას, ხოლო მეორეში - "საცხოვრებელი და სასოფლო - სამეურნეო" ზონის შექმნას.
რუკაზე სადავო ტერიტორია "გოლანის სიმაღლეები" მონიშნულია, როგორც ისრაელის ნაწილი.