სატელევიზიო ქსელი HBO Max-ი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ კომედიურ ანიმაციურ სერიალს გადაიღებს, სახელწოდებით "პრინცი". ამის შესახებ Variety იტყობინება.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ანიმაციური სერიალის გმირები გახდებიან. სცენარის ავტორი და პროდიუსერი გარი ჯანეტი იქნება.
სერიალის გმირები დედოფალი ელისაბედი, მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი და სხვები იქნებიან.
სერიალის სიუჟეტი პროდიუსერი გარი ჯანეტის Instagram-ის ანგარიშზე იქნება დაფუძნებული, სადაც ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მიმდინარე ამბებს პრინცი უილიამის ვაჟის, პრინც ჯორჯის სახელით აფასებს.
სერიალს ორლანდო ბლუმი, კონდოლა რაშადი, ლუსი პუნჩი, ტომ ჰოლანდერი, ალან ქემინგი და ფრენსის დე ლა ტური გაახმოვანებენ.
პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.