ავსტრალიის ფართომასშტაბიანი ხანძრების შედეგად წარმოშობილი კვამლი დედამიწას შემოუვლის. ამის შესახებ BBC-ი წერს NASA-ზე დაყრდნობით.
კვამლმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია და ნახევარი პლანეტა გადაკვეთა.
კვამლის გამო, ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ცა ნაცრისფერი გახდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სააგენტოების ინფორმაციით კი, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მზის ჩასვლისას ცამ წითელი ფერი მიიღო.
"მოსალოდნელია, რომ კვამლი, სულ მცირე ერთ სრულ წრეს შემოუვლის დედამიწას", - ამბობენ აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში.
მათივე თქმით, ხანძრებისგან წარმოშობილი კვამლი ზოგან სტრატოსფეროში, 17.7 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
"სტრატოსფეროში მოხვედრის შემდეგ, კვამლს შეუძლია გლობალური გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ პირობებზე", - ამბობენ NASA-ში.
კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ სწავლობენ კვამლის ეფექტებს ამ სიმაღლეზე და ატმოსფეროზე მის მოსალოდნელ გავლენებს.
ავსტრალიის დიდ ქალაქებში, მათ შორის სიდნეიში, მელბურნში, კანბერასა და ადელაიდაში, ჰაერის ხარისხის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა.
ხანძრებმა ავსტრალიაში, რომელიც სექტემბრიდან მძვინვარებს, 28 ადამიანი იმსხვერპლა და 2000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
ევროკავშირის კოპერნიკის მონიტორინგის პროგრამის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ატმოსფეროში 400 მეგატონა ნახშირორჟანგი გამოიყო.
ექსპერტების აზრით, ხანძრების უპრეცედენტო მასშტაბი და ინტენსივობა კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული.